Kristiansund Cup 2016 / Norway


August 26, 2016 ·   comments

Kristiansund Cup 2016 – ისტორია.
მაშ ასე, ვიწყებ მოყოლას და ვიფიქრე, რომ თავიდანვე აუცილებელია მოგითხროთ თავად Kristiansund Cup 2016 ჩემპიონატის შესახებ. 25 წლის განმავლობაში ჩატარებულმა ჩემპიონატებმა დამსახურებული ავტორიტეტი შესძინა ამ ტურნირს .პირველი ჩემპიონატი ჩატარდა 1992 წელს, ჩემპიონატის იმავე სახელწოდების ქალაქ ქრისტიანსუნდში, რომელიც განლაგებულია ატლანტის ოკეანის ულამაზეს სანაპიროზე. უნდა გითხრათ, რომ წელს ჩემპიონატი საიუბილეო - 25-ე იყო. ისე მოხდა, რომ ამ 25 წლის მანძილზე ჩემპიონატში მონაწილეობდა, არ შემეშინდება ამის თქმა, მსოფლიო დონის უამრავი ჩემპიონი. ისეთი სპორტსმენები, როგორებიც არიან - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ფრანგი Joseba Kerejeta ან თუნდაც მსოფლიო ჩემპიონი ესპანელი Samuel Thomas და სხვადასხვა პრესტიჟული შეჯიბრებების უამრავი სხვა მრავალგზის პრიზიორი. Kristiansund Cup-ის ძირითადი განსხვავება სხვა მსგავსი ტურნირებისგან ის არის , რომ ტურნირს გააჩნია მკაცრი სპორტული შემადგენელი, უმკაცრესი წესები, რომლებიც არ პატიობს სპორტსმენებს ფინიშთან 5 წამიან დაგვიანებასაც კი და სხვა უამრავი ნიუანსი, რომლებზედაც მოგვიანებით მოგიყვებით.

შეჯიბრებებისთვის მომზადება.
კარგად მესმოდა, რომ მე მომიწევდა შეჯიბრი გამოცდილ და ძლიერ ადამიანებთან, რომლებიც დაიბადნენ ოკეანეების ნაპირებზე და კარგად მოეხსენებათ თუ რა არის ოკეანე, მისი დინებები, თევზების ჩვევები , მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ადამიანებისთის წყალი იგივე მშობლიური სახლია, ხოლო წყალქვეშა ნადირობა კი სპორტის პროფესიული და პრესტიჟული სახეობა. ამიტომაც დიდი დრო დავხარჯე იმ ინფორმაციის მოძიებაში, რომელიც დამეხმარებოდა წყალში ნადირობასთან დაკავშირებულ ყველანაირი თემის შესწავლაში. ისიც უნდა ითქვას, რომ აქამდე ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მინახავს ოკეანე და მითუმეტეს არ მინადირია მასში. შემდგომში აღმოჩნდა რომ ჩემი მრავალთვიანი თეორიული მომზადება ვერ შეედრებოდა იმას, რაც მანახა რეალურ პირობებში პრაქტიკის თუნდაც ერთმა დღემ!

სპეციალურად, ჩემპიონატზე გამოსასვლელად, მოვამზადე ახალი ტიკის განსაკუთრებული არბალეტი, რომელის განსაკუთრებულობაც იყო ის, რომ ორ ნაწილად იშლებოდა და გამოიყენებოდა შუაზე გამხლეჩი ისრები. შეჯიბრებაზე ხელნაკეთი იარაღით წასვლა ნაკარნახები იყო მკაცრი ფინანსური რეალობით. მეტრზე მეტი სიგრძის იარაღი უნდა ჩამებარებინა თვითმფრინავში, როგორც სპორტული ბაგაჟი და გადამეხადა დამატებით 60 ევრო თვითოეულ მხარეს, ხოლო ასეთი მხარე იყო თბილისი-ოსლო + ოსლო-ქრისტიანსუნდი და უკან, რაც საბოლოო ჯამში შეადგენდა 4 გადაადგილებას - ანუ ნიშნავდა იმას, რომ 240 ევრო უნდა დამეხარჯა მხოლოდ იარაღის გადატანაში! ეს კი ჩემთვის უბრალოდ არარეალური იყო. გამოგიტყდებით , რომ მთელი ეს ეკონომია დიდი ნერვების ფასად დამიჯდა, რადგან სწორედ ნორვეგიაში გავისროლე პირველად ამ იარაღიდან ანუ ვერ მოვასწარი იარაღის გამოცდა, მისი გამიზვნა, მის შესაძლებლობებში დარწმუნება. ასეთ შორ მანძილზე ერთადერთი იარაღით გამგზავრება მისი გამართულობის შეუმოწმებლად დიდი რისკთან იყო დაკავშირებული! იარაღს რომ თავი გავანებოთ, ეკიპირების ბევრი დეტალის ბოლომდე დამუშავება, ატლანტიკაში ნადირობის პირობებისათვის შეთავსება მომიხდა უკვე ადგილზე, ხოლო ზოგიერთი ელემენტის დამზადება მომიწია დამოუკიდებლად.

ნორვეგია.
ჩასვლის მომენტიდანვე დაიწყო პრობლემები - აბა მათ გარეშე როგორ ჩაივლიდა ეს ყველაფერი...) ? მათგან ორი იყო საკმაოდ სერიოზული , რამაც ჩემი შეჯიბრებაში მონაწილეობა სათუო გახადა..
№1 - მგზავრობის დაგეგმისას წინასწარ დავჯავშნე ნომერი თითქმის 5 თვით ადრე ყველაზე იაფ მოტელში და თავს მშვიდად და თავდაჯერებულად ვგრძნობდი, ვინაიდან თავშესაფარი გარანტირებული მქონდა. მაგრამ მოტელის მუშაობაში მოხდა შეფერხება და ჩემი რეზერვაცია პროგრამაში უბრალოდ აღარ აღმოჩნდა, ფაქტიურად უარი მითხრეს, რადგან ადგილები, როგორც ასეთი , მათ უკვე აღარ ჰქონდათ ... პირველი დღე მთლიანად ქუჩაში გავატარე გატენილი გიგანტური ჩემოდნის თრევაში თავშესაფრის ძებნისას. ბოლოს და ბოლოს კი მოვნახე, მაგრამ სამწუხაროდ 2-ჯერ უფრო ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე გათვლილი მქონდა ხარჯებში.
№2 - ქრისტიანსუნდის ადგილობრივი აეროპორტი არის ძალიან პატარა, არაუმეტეს მეტროს სადგური „დიდუბე“-ს ტერიტორიისა, რეისების განრიგი ქვეყნდება მხოლოდ მომავალ 7 დღეზე. ასე რომ, უკანა რეისისათვის - ქრისტიანსუნდი-ოსლო ბილეთის წინასწარი ყიდვის საშულება არ მქონდა. მსგავსი უიღბლობის წყალობით ისე გამოვიდა, რომ 7 აგვისტოს (კვირა დღეს) ქრისტიანსუნდიდან ოსლოში გადაფრენა არარეალური იყო, ხოლო ოსლოში 7 რიცხვში მელოდებოდა (უფრო ზუსტად, რომ დამეგვიანა, ნამდვილად არავინ დამელოდებოდა ) თბილისამდე გადახდილი რეისი. ამის გამო აღმოვჩნდი საშინელ მდგომარეობაში, სხვა ვარიანტი არ იყო - უნდა დამეტოვა ქრისტიანსუნდი 6 აგვისტოს! შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი ტარდებოდა 5-6 აგვისტოს! ანუ რომ მეყიდა ერთადერთი შესაძლო ბილეთი, ამით უარი უნდა მეთქვა ჩემპიონატის მეორე დღეში მონაწილეობაზე - მენადირა მხოლოდ 5 რიცხვში და გავფრენილიყავი 6 -ში. ვფიქრობ, არ ღირს იმის ახსნა თუ რას ნიშნავდა ეს ჩემთვის და როგორ იმოქმედა ამან ჩემზე... ამდენი მზადება, ჩატარებული სამუშაოები, თანხა, ნერვები ... ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი , წყალში უნდა გადამეყარა. სამწუხაროდ ან შესაძლოა საბედნიეროდ, ნორვეგიაში სასმელი საშინლად ძვირი ღირს, თანხაც ხომ სასტუმროსთან დაკავშირებული წარუმატებლობის გამო აღარ დამრჩა - და ესე იგი დალევა და ყველაფერზე ხელის ჩაქნევაც აღარ გამომდიოდა. მოკლედ, მინდა გაგაფრთხილოთ და გირჩიოთ ყველას, ვინც ნორვეგიაში წასვლას დააპირებს ( ეს ძალიან ძვირი ქვეყანაა) და თუ ფიქრობთ, რომ თქვენ გეყოფათ 1000, წაიღეთ არანაკლებ 1500, ხოლო უკეთესია იქონიოთ 2000 ჯიბეში. მაგალითისთვის, მე უბრალოდ შოკში ვიყავი, როცა მომიწია ერთხელ 450 კრონის გადახდა ტაქსით 7-8 კილომეტრის გავლისთვის , ჩვენ 10 წუთზე მეტი არ გვიმგზავრია, ბარათიდან ჩამომეჭრა 55$ დოლარი! უფრო გასაგები რომ იყოს ეს იგივეა, რაც გლდანიდან ელიავამდე 130 ლარად იმგზავრო! )))

პოზიტივი.
ყველაფრის მიუხედავად, პოზიტივი მაინც საკმარისი იყო, თუნდაც ის, რომ უკიდეგანო ატლანტიკის ოკეანის ტალღები, ჯებირებზე შეხეთქებისას, თავისი მელოდიური ჩურჩულით ჩემს სულში სიმშვიდეს ასადგურებდნენ. წყლის საშუალო ტემპერატურა 13-14 გრადუსი, ხილვადობა წყალქვეშ იყო 6-ზე არანაკლები და არაუმეტეს 15 მეტრისა , ადგილისა და ჩაყვინთვის დროს ამინდის პირობების შესაბამისად. ჩემი ვარჯიშის ტერიტორიას წარმოადგენდა, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა ყოფილიყო, სანაპირო ზოლი, გავდიოდი დილით და ვბრუნდებოდი საღამოს, მე ვატარებდი წყალზე 8-10 საათს დღეში, წინ და უკან სანაპირო წყლების ტკეპნაში. შეჯიბრების ბევრი მონაწილე ჩამოდიოდა თავისი მოტორიანი ნავებით ან კიდევ როგორც გერმანელები აკეთებდნენ, ქირაობდნენ ნავებს მეჩეჩებში ღია ზღვაში ვარჯიშისათვის. სწორად მეჩეჩებით დაყოფილი კუნძულების სერია წარმოადგენდა ორივე დღის შეჯიბრის ზონას. ვარჯიშებისათვის სამი დღე გამაჩნდა- + ერთი დასვენების დღე ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელიც ავღნიშნე პატარა, მაგრამ ძალიან მყუდრო ქალაქში გასეირნებით. შეჯიბრებაზე სანადიროდ თევზის ძირითადი სახეობა იყო: საიდა და ვირთევზა, აგრეთვე კამბალა, თუმცა სხვა სახეობის თევზებიც საკმარისად გვხვდებოდა. რომელთაგან ბევრი არ იყო ჩასათვლელი ან კიდევ უარესი, ზოგიერთის დაჭერა იწვევდა მომენტალურ დისკვალიფიკაციას. ჩემპიონატის წესები ჩვენ გაგვაცნეს კონფერენციაზე ერთ , ვერც კი მივხვდი, კლუბსა თუ რესტორანში, რომელიც მდებარეობდა ერთ ერთ ძალიან პატარა,მაგრამ თვალწარმტაც ნავსადგურში, რომელმაც აღმაფრთოვანა ძალიან საინტერესო კელტური პატარა ხომალდებითა და ნავებით და ასევე თანამედროვე იახტებით. მაგრამ მაინც სწორედ უძველესი ვიკინგების ხელთ ნაკეთი ნავების დანახვაზე მე უფრო მიცხოველდებოდა ინტერესი, ხოლო რაოდენ ამაღელვებელი იყო ხელით შეხება მერქანზე, რომელსაც საუკუნეები ახსოვს და ატარებს ნამდვილი ვიკინგი მებრძოლების - მეთევზეების კოჟრიანი ხელების ენერგიას.

ჩემპიონატის 1 დღე.
დილის 7:30 ვიკრიბებით პირსზე და ვსხდებით ორ გემში, თვითოეულ გემზე გამობმულია ნავი მსაჯებისათვის. მივემართებით შეჯიბრების პირველი ზონისაკენ, რომელიც მდებარეობდა დაახლოებით ერთი საათის ცურვის მანძილზე. 9:30 გაისმის სასტარტო საყვირის ხმა . ამ მომენტისათვის ყველა მონაწილე იმყოფებოდა წყალში დაუტენელი იარაღებით. სტარტის შემდეგ სპორტსმენთა დიდი უმრავლესობა გადაეშვა წყალში მთელი ენერგიით , ვინ საით , ისე რომ იარაღიც არ დაუტენიათ, ეს უფრო გავდა ქერქეჭელაზე ამხედრებულ ჩქაროსნულ ცურვაში შეჯიბრს. გასაკვირიც არაა, უმეტესობას ქონდა თავისი დამუშავებული წერტილები, შერჩეული თევზიანი ადგილები. უფრო მეტიც, ბევრი დაცურავდა ნავიგაციითაც და საზღვაო ელექტრო რუკებით, რომლებიც ეხმარებოდა მათ საჭირო ადგილების მოძებნაში. მე კი, რომელსაც არ მქონდა არც ნავიგაცია და არ ვიცნობდი აკვატორიას, რომელიც როგორც ჭორფლით, ისე იყო დაფარული კუნძულებით და კლდოვანი ამაღლებებით, მეშინოდა არ დამეკარგა მხედველობის არედან გემი და არ დამეგვიანა ფინიშზე. ისტორიიდან და შემდგომ პრაქტიკიდან ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ყოველ წელს ვიღაცას მაინც აძლევენ დისკვალიფიკაციას დაგვიანების გამო, ეს ძალიან მკაცრად კონტროლდება: ვტენი იარაღს და ვიწყებ ყვინთვას პირდაპირ გემის ახლოს, მისგან დაშორებისას ვცდილობ არ დავკარგო ვიზუალური კონტაქტი. სიღრმე დიდი არაა, ჩაყვინთვა ადვილია, ერთი მეორეს მიყოლებით ნელნელა ვაგროვებ ჩათვლებს. ჩათვლა არ უნდა იყოს 1000 გრამზე ნაკლები. ამასთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა, არ შემეძლო სწორად თევზის ზომისა და წონის ფორმულის თანაფარდობის ვიზუალური შეფასება, რადგან აქამდე მე ასეთი სახეობის თევზზე სულ რაღაც სამი დღეა, რაც ვინადირე, ასე რომ შემეძლო არასწორად შემეფასებინა ჩასათვლელი ეგზემპლიარების პარამეტრები. ვაღიარებ, რომ უმთავრესი შეცდომა მე დავუშვი პირველ დღეს საკუთარი ძალების შეუფასებლობის გამო. ჯერ კიდევ ერთი დღით ადრე, როცა კონფერენციაზე გავიცანი შეჯიბრების მონაწილეები და შევხედე ამ არცთუ სუსტ ბიჭებს დაფინანსებით, ნავებითა და კატერებით, ექოლოტებითა და ელექტრონული ნავიგაციით, რომლებიც ეკიპირებულნი იყვნენ უმაღლეს, ელიტარულ, დონეზე, თავი რაღაც ცუდად ვიგრძენი. და კიდევ ის ფაქტი, რომ მიწევდა 6 რიცხვში გაფრენა შეჯიბრების მეორე დღის გამოტოვებით, მიქმნიდა ნეგატიურ ფონს წარმატების რწმენაში. ამის გარდა, მუდმივმა ფიქრმა - „ოღონდაც არ დამაგვიანდეს“ მიმიყვანა ფინიშთან დანიშნულ ვადაზე 20 წუთით ადრე, არადა შემეძლო კიდევ მესროლა და მესროლა ჩათვლებისათვის. 13:00 კვლავ საყვირი გაისმის . ამჯერად შეჯიბრების დასრულების ნიშნად. შოკირებული ვარ ... ვუყურებ თევზების კინძულებს, რომლებიც წინ უწყვია თვითოეულ სპორტსმენს და უცებ ვაანალიზებ, რომ ჩემი სულაც არ არის ყველაზე პატარა. არც კი მჯერა. ნანადირევი შეფუთეს პლასტიკურ ტომრებში ინდივიდუალური ნომრებით აწონვამდე, ჩემი ნომერი აღმოჩნდა მე-13-ე... მოვცურავთ უკან. 15:00 ჩატარდა აწონვა, ჩემი შედეგია მეხუთე. რა თქმა უნდა გულწრფელად გახარებული ვიყავი, რომ არ აღმოვჩნდი უკანასკნელის წინა ან უფრო უარესი საერთოდ ბოლო სიაში, რომელზეც უკვე დავიწყე ფიქრი. მაგრამ მე უფრო გახარებული ვიყავი იმ შანსით რომელიც გამიჩნდა შეჯიბრების მეორე დღისათვის, უფრო ზუსტად თვითონ მონაწილეობის შანსი! თვითმფრინავი მიფრინავდა 16:00-ზე და რადგანაც ჩვენ მოვცურეთ ქალაქში 15:00-ზე ესე იგი ჩნდებოდა შანსი შეჯიბრების მეორე დღესაც მესროლა და მიმესწრო თვითმფრინავისთვის. შანსი რისკიანი იყო. საქმე ეხებოდა ღია ზღვას, სადაც შეიძლება მომხდარიყო ყველაფერი და დაგვიანება, თუნდაც ნახევარი საათით, იქნებოდა ჩემთვის სერიოზული პრობლემის ნიშანი. მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო დაწყებულის დამთავრება იყო შინაგანად აუცილებელი.

ჩემპიონატის 2 დღე.
ვმოძრაობთ გრაფიკის მიხედვით, ზღვა ცოტა ღელავს, მოღრუბლულია, ცას წყდება წვიმის წვეთები. იგრძნობა აციება, პირიდან ორთქლის ჭავლი გამომდის. შევდივართ შეჯიბრების ზონაში, ულამაზესი ადგილია. და უეცრად ჩემს მოპირდაპირედ მსხდარი ბიჭები იწყებენ ხელების ქნევას ჩემს მხარეს „ორკა, ორკა!“-ს ძახილით. მე ის იყო გავიფიქრე საიდან მოელანდათ ჩემში „ურკა“ (ჟარგონულად ბანდიტი) )))), ვტრიალდები და ვხედავ ჩემს ზურგს უკან ზვიგენთა ჯოგია, კასატკები! ამაღლევებელია ამის ნახვა იმ დროს როცა აანალიზებ რომ სადაცაა წყალში ჩასვლა მოგიწევს. ბუნებრივია რომ სტარტამდე ბიჭებს შორის საუბარი მხოლოდ „ორკების“ გარშემო ტრიალებდა.

ეხუმრებოდნენ ერთმანეთს , განსაკუთრებით იმათ ვინც უფრო მოსუქებული და ტანად მოსული იყო, თუმცა მაინც ყველა, როგორც ერთი, ხტება წყალში. აქ სიღრმე უფრო მეტი იყო -15, ადგილადილ 20 მეტრამდეც აღწევდა. ხილვადობა დაეცა. პირველი ნახევარი საათი სულ გიგანტური დონდროხა მელანდებოდა, რომელიც ამღვრეული სიღრმეებიდან მოცურავდა ჩემსკენ, მომიწია თვითაღმზრდელობითი სამუშაოს ჩატარება რომ თავი ხელში ამეყვანა და საქმეს შევდგომოდი. ახლა მოდუნების გარეშე ვმუშაობდი შედეგზე. ფინიშთან მივცურე როგორც საჭირო იყო 13:00, წყალში მუშაობით ბოლომდე დახარჯული. უკანა გზაზე ყველა უკლებლივ იჯდა მოღუშული, დადუმებული თვითოეული თავის ფიქრებში. ალბად გავლენა მოახდინა, როგორც ფიზიკურმა დაღლილობამ , ისე ფსიქოლოგიურმა სტრესმა. მივუახლოვდით თუ არა ნაპირს გამოვათრიე კაპიტნის კაიუტიდან ჩემი ჩემოდანი, რომლის ცურვაში თან წაღებაც მომიწია . ერთი საათი მაქვს გაფრენამდე და როგორც წესი ,ახლა უკვე რეგისტრაციას უნდა გავდიოდე აეროპორტში, მაგრამ მე ჯერ ისევ ნაპირზე ვარ. დიდი ცერემონიების გარეშე ,გარშემო მყოფებთან და საკუთარ მესთან, ვიხდი სრულ გაშიშვლებამდე სველ ფორმას პირდაპირ ნავმისადგომთან, ვიცვლი ტანსაცმელს და ვიბარგები, ვშლი იარაღს, ვხსნი ჰარპუნებს, ვჩუტავ ტივს და ასე შემდეგ და ყოველივე ამას ვაკეთებ საშინელ ტემპში. 15:30 უკვე ვზივარ მანქანაში აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე, ვიგებ, რომ კვლავ მე-5 ადგილზე ვარ. ამასთან ერთად, ჩემს ნადავლში ამოვიდა წუნი, 8-10 თევზი (ეს კი, რეალურად არც თუ ისე ცოტაა), ზოგიერთმა სულ 10-20 გრამით ვერ მიაღწია ჩასათვლელ წონას 1 კგ-ს!

თვითმფრინავს მივასწარი. პირველი ჯერისთვის შედეგებით კმაყოფილი ვარ. ყველაფერი, მართალია მინუსით , მაგრამ 5-იანზე შესრულდა)). პირად ჩათვლაში და გუნდური მეხუთე ადგილი. სამწუხაროა, რომ ვერ მოვხვდი ბანკეტზე და დაჯილდოვებაზე და ვერ მივიღე სამახსოვრო სუვენირი )) ხოლო თუ სერიოზულად ვიტყვით, გული დამწყდა, რომ ვერ მოვასწარი დავმშვიდობებოდი კარგ ადამიანებს! ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო შესანიშნავი გამოცდილება და ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს შევძლებ მონაწილეობას არა მხოლოდ პირად ჩათვლაში, არამედ საქართველოს გუნდთან ერთად.ასე რომ, ბიჭებო, ივარჯიშეთ, გიყვარდეთ თქვენი ახლობლები და პატივი ეცით ბუნებას))

თასის შედეგები გამოქვეყნდა ორ კატეგორიაში - ინდივიდუალურ და გუნდურ ჩათვლაში. 12 ნორვეგიელი სპორცმენი დაყოპილი იყვნენ რამოდენიმე გუნდათ (გუნდში მაკსიმუმ 3 კაცად) შედეგად გუნდურ ჩათვლაში მიიღეს მეტი ჯამური ქულა.
გუნდურ კატეგორიაში მე-6 ადგილზე მყოფ Tyskland - ში ნაგულისხმებია გერმანია (Deutschland) რომლის შედეგი იყო წარმოდგენილი ორი სპორცმენის მიერ მოპოვებული ჯამური ქულებით.

GUSF

GUSF

ფორუმზე განხილვა